სასტუმრო თრუსოს აღწერილობა:
მყუდრო და კომფორტული საოჯახო სასტუმრო "თრუსო" გუდაურის ცენტრში, ცენტრალური სათხილამური კომპლექსიდან და საბაგირო გზიდან მხოლოდ 10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სათხილამური სეზონის ფუსფუსთან ამ პრაქტიკული სიახლოვის მიუხედავათ, სასტუმრო "თრუსო" ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი გამორჩეული სახე და ტრადიცია. ხარისხიან და ყურადღებიან მომსახურებაზე ორიენტირებულ ამ თანამედროვე სასტუმროში გუდაურის ახალბედა სტუმრები თუ მთის სტაჟიანი ენთუზიასტები თანაბრად მოსვენებულად გრძნობენ თავს.
საოჯახო სასტუმრო "თრუსო" სტუმრებს სთავაზობს 14 ორადგილიან ოთახს მშვიდი, თანამედროვე ინტერიერით, დათოვლილი მთების ხედებით და კომფორტული საწოლებით, საკუთარი საშხაპითა და ტუალეტით, ტელეფონით და სატელიტური ტელევიზიით. ბუხრიან სასაუზმე დარბაზში, ხედით ულამაზეს მთის პანორამაზე, სასტუმროს გამოცდილი მზარეულები უმასპინძლდებიან სტუმრებს ახალი, ნატურალური პროდუქტებით მომზადებული საუზმითა და უგემრიელესი სადილებით.
თხილამურებზე სრიალით, მთებში ლაშქრობით ან ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებით სავსე დღის ბოლოს დაღლილობის მოსახსნელად არაფერი შეედრება გიზგიზა ბუხარს, წყნარ მუსიკასა და სასმისს გრილ-ბარ "თრუსო"-ში მეგობრებისა და მთის ენთუზიასტთა წრეში. სასტუმროსთან მიმდებარე გრილ-ბარი სამხარსა და სადილზე სტუმრებს უმასპინძლდება ევროპული და ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძებით. გრილ-ბარის მზიანი ტერასა მშვენიერი ადგილია შუადღის სამხარისათვის. სპეციალურ საღამოებზე მოწვეული მუსიკოსები და დ.ჯ.-ეები კი ცოცხალი წარმოდგენებით კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდიან გუდაურის მოგონებებს მომხიბვლელ გრილ-ბარ "თრუსო"-ში.