თბილისი
თუკი თბილისს ეწვევით, ვინმე, იქნება ეს გიდი, გამყიდველი, თუ ტაქსის მძღოლი, აუცილებლად გიამბობთ ქალაქის დაარსების ისტორიას. ეს ლეგენდა თბილისელებს განსაკუთრებით უყვართ. ეს არის ათას ხუთასი წლის წინ მომხდარი ერთი ნადირობის ისტორია, როდესაც მეხუთე საუკუნის მეფის ვახტანგ გორგასლის საყვარელი შევარდენი და მის მიერ დაჭერილი ხოხობი, ერთად ჩავარდნენ წყალში, საიდანაც მეფის მსახურებმა ორივე - მსხვერპლიც და მტაცებელიც მოხარშულები ამოიყვანეს. მეფეს მოეწონა ბუნებრივი ცხელი წყლები და ამ ადგილას ქალაქის აშენება ბრძანა. ასე გადმოინაცვლა მცხეთიდან საქართველოს დედაქალაქმა 25 კილომეტრით აღმოსავლეთით. ხოლო აღმოსავლურ სტილში აშენებული ცხელი გოგირდიანი წყლების აბანოები დღემდე თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილია. შუა საუკუნეებში ამ აბანოებს მრავალ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ, ამიტომ ბევრი დამპყრობელი სწორედ თბილისური აბანოების გამო მოიწევდა თბილისისკენ. ასე რომ გოგირდის ბუნებრივი ცხელი წყლები კომფორტის გარდა მრავალ პრობლემასაც ქმნიდა. მაგრამ მარტო აბანოებში არ იყო საქმე - საქარავნო გზების გზაჯვარედინზე მდებარე მულტიკულტურული ქალაქი თავისებური გასაღები იყო საქართველოს და ხშირად მთელი ამიერკავკასიისა. ამ ქალაქმა მრავალ შემოსევას და ოკუპაციას გაუძლო - ბიზანტიელებსა და ხაზარებს, თურქებსა და სპარსელებს. არაბები თბილისში მეშვიდე საუკუნეში მოვიდნენ და ხუთი საუკუნე დარჩნენ, სანამ მეთორმეტე საუკუნეში ისინი საქართველოს გამაერთიანებელმა მეფემ დავით აღმაშენებელმა არ განდევნა. უკანასკნელად თბილისი 1795 წელს გადაწვეს სპარსლებმა. ხოლო ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ მეცხრამეტე საუკუნეში რუსებმა იგი ამიერკავკასიის ცენტრად აქციეს და საკუთარი მეფისნაცვალი სწორედ ამ ქალაქში დასვეს, შენობაში, სადაც დღეს ახალგაზრდობის კულტურის სასახლეა განთავსებული.
ამ ქალაქით მიღებული შთაბეჭდილება მრავალმა მოგზაურმა ასახა თავის დღიურებში, მრავალმა მწერალმა კი აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა. სხვადასხვა დროს იმოგზაურეს საქართველოში რუსმა ალექსანდ პუშკინმა, ფრანგმა ალექსანდრ დიუმამ და ნორვეგიელმა კნუტ ჰამსუნმა და თვითოეულმა თავისებურად დაინახა ეს კოლორიტული ქალაქი, თვითოეულმა ალბათ ის იპოვა, რასაც ეძებდა, მაგრამ აღფრთოვანების სიტყვები არცერთ მათგანს არ დანანებია.
მილიონნახევრიანი თბილისი დღესაც იზრდება. შენდება მრავალი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი თუ ჰიპერმარკეტი, ქალაქი იცვლება, მაგრამ მისი მთავარი ხიბლი - კულტურული მრავალფეროვნება უცვლელი რჩება. ამ ქალაქის ნამდვილი სული დღემდე იმალება ძველი თბილისის პატარა აივნიან ეზოებში, სადაც საუკუნეების მანძილზე ქართველები, სომხები, ებრაელები, ქურთები, აზერბაიჯანლები, ბერძნები და კიდევ მრავალი ნაციონალობის წარმომადგენლები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის პრობლემებს თუ სიხარულებს იზიარებდნენ. ასეთ ძველ უბნებში გვერდი-გვერდ ნახავთ ქართულ და სომხურ მართმადიდებლურ ეკლესიებს, სინაგოგას, მეჩეთს და უძველესი ზოროასტიული სალოცავის ნაშთსაც კი.
ეს დღევანდელი თბილისია-კულტურათა გზაჯვარედინზე აშენებული ქალაქი, რომელიც მუდმივად სტუმრის მოლოდინშია, რომ თავისი პატარა სიხარულები და საიდუმლოებები გაუზიაოს.