გუდაური
გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, იგი ასევე იდეალური ადგილია სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ-ის დაშორებით. მცირეთოვლიანობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. თოვლის საშუალო სიმაღლე მთის ფერდობზე 1.5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და მშვიდი ამინდები.
გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს. სასრიალო ბილიკების დახრილობა უდიდეს სიამოვნებას იწვევს როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისათვის. პროფესიონალ მოთხილამურეთათვის გუდაურის ფერდობებს გააჩნია ოთხივე სპორტული სასრიალო ბილიკი: სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ გიგანტი და ჩქაროსნული დაშვება. ყველა სასრიალო ბილიკის კატეგორია დამტკიცებულია FIS-ის მიერ.
კურორტი გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის მონუმენტურ მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს, ზამთრის სეზონი კი აქ საშუალოდ აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. კურორტი ეგრედწოდებულ ალპურ ზონაშია განთავსებული, ამიტომ იგი თავისუფალია ტყის მასივებისა და სქელტანიანი მცენარეებისაგან, რაც მოთხილამურეების დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს.
კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება ეგრედწოდებული Freerider-ის მოყვარულთათვის, აქ თოვლი საკმარისად ღრმა და საკმარისად მშრალია, რაც სპორტის ამ სახეობისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობად კი ეგრედწოდებული Heliski-ს სახეობების ხელმისაწვდომობაა, სამთო-სათხილამურო სპორტის ეს სახეობა გუდაურში დაშვებული და ღირებულებით მსოფლიოში ერთ-ერთი მიმზიდველია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის.
კურორტი გუდაური უაღრესად მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებლებს შემდეგი ტიპის ტურიზმის სახეობებს სთავაზობს: საფეხმავლო ლაშქრობა თრუსოსა და ხადას ხეობებში, ცხენით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება და წყალჯომარდობა მდინარე არაგვზე. ტურისტებს აქ ულამაზესი ბუნების და საინტერესო ტურისტული მარშუტების გარდა შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურა ელოდებათ. ეკლესია-ტაძრები, ციხე სიმაგრეები და კოშკები განცვიფრებას იწვევს ამ მიდამოების ვიზიტორთა შორის.
დამსვენებლებს კურორტზე ელოდებათ სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების დიდი არჩევანი, აქ არსებული სასტუმროები დამსვენებლებს საერთაშორისო სტანდარტების სერვისებს სთავაზობენ. უფასო უკაბელო ინტერნეტი, მაღალი კლასის საცხოვრებელი ოთახები, შესანიშნავი საკონფერენციო დარბაზები და კაფე-ბარები საშუალებას იძლევა დააკმაყოფილოს ნებისმიერი კლასისა და კატეგორიის დელეგაციის მოთხოვნები. კურორტ გუდაურამდე მისასვლელი სამანქანო გზა კი განახლებული და უსაფრთხოა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის. გუდაურში თქვენ გელოდებათ ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის სახეობების დიდი არჩევანი, მაღალი კლასის ინფრასტრუქტურა, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა და თვალწარმტაცი ბუნება!