ბათუმი
ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი და საქართველოს შავი ზღვის პირეთის ერთ-ერთი მსხვილი კლიმატური ტიპის კურორტია. იგი მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილში, ღრმა ყურეზე. ბათუმის სახელწოდება ბერძნული ძირიდანაა წარმომდგარი, ადრე მას მოიხსენიებდნენ ბერძნული სახელწოდებით “ბათიუს ლიმან”, რაც ღრმა ყურეს ნიშნავს. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ აქ ერწყმოდა ერთმანეთს ორი უძველესი კულტურა – ანტიკური და კოლხური. ბათუმის, როგორც კურორტის ძირითადი მახასიათებლებია: კლიმატოთერაპია, ჰელიოთერაპია და თალასოთერაპია. აქ ზღვის წყალი მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა. ბათუმში ყოველთვის თბილა. ზამთრის ყველაზე ცივი თვის – იანვრის ტემპერატურა +7 – 10 გრადუსი ცელსიუსია.
ქალაქის ის ნაწილი, რომელსაც ბათუმელები “ძველ ბათუმს” ეძახიან, დაახლოებით 150 წლისაა. ძველ ბათუმში ერთმანეთის მიყოლებითაა განლაგებული ჯეზვეს საამქრო და ყავის წისქვილი, რომლიდან გამოსული არაჩვეულებრივი არომატიც მთელს უბანში დგას. საერთოდ ყავის სმის რიტუალს დიდი ადგილი უჭირავს ბათუმურ ცხოვრებაში. ქალაქის მკვიდრნი და სტუმრები ასაკისა და ინტერესების მიხედვით ღია კაფეებში იკრიბებიან და გაცხელებულ ქვიშაზე მოდუღებულ, არომატულ შავ ყავას მიირთევენ. ძველი ბათუმის შენობები განუმეორებელი სილამაზისაა. უმეტესად 2-3 სართულიანი ნაგებობები უხვადაა შემკული ქიმერების, უსახელო მითიური არსებების, ლომების და სხვა ბარელიეფით. ყველაზე თავბრუდამხვევი ბათუმი მაგნოლიების ყვავილობის დროსაა. ამ პატარა თეთრ ქალაქში უამრავი მაგნოლიის ხეა, რომელთა ყვავილობისას მთელი ქალაქი გამაბრუებელ არომატში ეხვევა.